„BMW ჯგუფი“ უნგრეთის ქალაქ დებრეცენის მახლობლად, ახალ საწარმოს ააშენებს, რომელიც ბოლო ოც წელიწადში კომპანიის პირველი ახალი ევროპული ქარხანა იქნება.
ბავარიელებს მისი მშენებლობა დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო დაუჯდებათ. დებრეცენის საწარმო, რომელშიც 1 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, წლიურად 150 000 ავტომობილს გამოუშვებს.
გერმანულმა კომპანიამ ევროპის ტერიტორიაზე ბოლო ქარხანა ლაიფციგში, 2000 წელს ააშენა. BMW-ს არ დაუზუსტებია, თუ რომელი მოდელების წარმოებას აპირებს უნგრეთში. თუმცა ის კი გვაცნობა, რომ დებრეცენში შიდაწვისძრავიანის გარდა, ელექტრული მოდელების წარმოებასაც გეგმავს. და ყველა მათგანს ერთ ხაზზე ააწყობენ.
„მომავალში ჩვენი ყველა ევროპული ქარხანა, ჩვეულებრივი ავტომობილების გარდა, ელექტრომობილებს და ჰიბრიდებსაც გამოუშვებს. ასეთი იქნება ჩვენი ახალი, უნგრული ქარხანაც. და ყველა მათგანი ერთ ხაზზე აიწყობა. დებრეცენის ქარხანა ავტო წარმოებაში, მოქნილობის, ციფრული ტექნოლოგიების და მწარმოებლობის ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს“, - ამბობს BMW-ს მმართველი საბჭოს წევრი ოლივერ ციპსე, ვინც წარმოების სფეროს უძღვება.
ცნობისათვის, უნგრეთში ავტომობილებს უკვე აწარმოებენ Mercedes-ი, Audi და Suzuki, Opel-ს კი ამ ქვეყანაში ძრავების ქარხანა აქვს. რაც შეეხება BMW-ს, მას მთელს მსოფლიოში 31 ქარხანა აქვს. დებრეცენის ქარხნის ამოქმედება მომავალი წლის მეორე ნახევარში იგეგმება.