„პორშემ“ საზოგადოებას ელექტრომობილ „ტაიკანის“ სპეციფიკაციები გააცნო

„პორშე“ თავის ისტორიაში პირველ ელექტრომობილ „ტაიკანის“ სერიულ წარმოებას მომავალ წელს დაიწყებს.მანამდე კი მის შესახებ ტექნიკური დეტალები გამოაქვეყნა. წყვილი ელექტრო ძრავის დახმარებით, ავტომობილის განკარგულებაში 600 ცხენის ძალა იქნება.

ელემენტების ბლოკი ავტომობილის სალონის ქვეშ განლაგდება. მათი ტევადობა „ტაიკანს“ 500 კილომეტრის გასავლელად ეყოფა. აჩქარება კი მას სუპერ ავტომობილების კლასის შესაფერისი ექნება - ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.5 წამში მიაღწევს. „ტაიკანმა“ ეს მაჩვენებლები საგზაო ტესტების დროს დააფიქსირა, რომლებშიც ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებული მარკ ვებერი მონაწილეობს.

კომპანია გვიმხელს, რომ ასეთი მონაცემები არის იმის შედეგი, რომ ავტომობილი იმ ორი სინქრონული ძრავით არის აღჭურვილი, როგორებიც სარბოლო ავტომობილ 919-ზე მუშაობს. მათგან ერთი წინა ბორბლებს ემსახურება, მეორე კი - უკანებს. ელემენტები 400-ვოლტიანი დასამუხტი სისტემით ივსება. ამასთან, შესაძლებელია 800-ვოლტიანი სისტემის გამოყენება, რომელიც 15 წუთში მათ იმდენ ენერგიას მიაწვდის, რამდენითაც „ტაიკანი“ 400 კილომეტრის გავლას შეძლებს.

„პორშე“ წლიურად 20 000 ცალი „ტაიკანის“ წარმოებას აპირებს. ეს კი 911-ის გაყიდვების დაახლოებით ორი-მესამედია. რაც შეეხება ფასს, „ტაიკანი“ დაახლოებით 100 ათასი ევროს ფარგლებში ეღირება.