შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა, ივლისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
ამ მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ შრომის ბაზრის მდგომარეობა, დადებით ტენდენციებს უჩვენებს. თუმცა არასასოფლო სფეროში ახალდასაქმებულთა რიცხვი (NFP), საპროგნოზო მაჩვენებელზე ნაკლებია.
კერძოდ სტატისტიკა აჩვენებს, რომ არასასოფლო სფეროში 157 000 ახალი სახელფასო უწყისი შეივსო. კონსენსუსური პროგნოზით, 193 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იყო ნავარაუდები. ცნობისათვის, არასასოფლო სფეროს ახალდასაქმებულთა ავტომატური აღრიცხვის მონაცემები (ADP, ოთხშაბათს გამოქვეყნდა) 219 000 იყო. გარდა ამისა, წინა თვის მონაცემების დაზუსტების შემდეგ, NFP-ს რეგისტრაციების რიცხვი 213 000-დან 248 000-მდე გაიზარდა.
უმუშევრობის დონე ქვეყანაში კვლავ 3.9 პროცენტია. ეს ივნისის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია. 7.8-დან 7.5 პროცენტამდე შემცირდა U-6 უმუშევრობის დონე, რომელიც დროებით დასაქმებულთა რიცხვსაც ითვალისწინებს. შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი კვლავ 62.9 პროცენტის დონეზეა.
ამ ეტაპზე, ფედრეზერვისთვის ყველაზე საინტერესო შრომის ბაზრის ის ნაწილია, რომელიც დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდის ტემპს ასახავს. ეს სტატისტიკა პირდაპირ აისახება ინფლაციის ზრდს ტემპზე, რასაც ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ითვალისწინებს.
ივლისში საათობრივი ანაზღაურება 0.3 პროცენტით გაიზარდა, რაც პროგნოზს შეესაბამება. ივნისის ანალოგიური მაჩვენებელი, დაზუსტების შემდეგ, 0.2-დან 0.1-მდე შემცირდა. ანაზღაურების ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2.7 პროცენტია (ისევე როგორც ივნისში იყო). ეკონომისტები თვლიან, რომ საათობრივი ანაზღაურების 0.3 პროცენტით, ან მეტით ზრდა, ინფლაციის სტაბილური ზრდისთვის აუცილებელია.
შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნებაზე, დოლარის ინდექსის პირველი რეაქცია შემცირება იყო. კერძოდ, ის 94.98-დან 94.88-მდე შემცირდა. თუმცა შემდეგ ზრდა დაიწყო.