კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 13 666 962 ლარი. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ - 10 126 645 ლარი.
მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკი“ - მან 2018 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 6 730 640 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - „კრედო“ - 2 492 860 ლარი. ტოპ-ხუთეულშია „ფინკა
ბანკი“ - - 1 426 764 ლარის შემოსავლით.
ცნობისათვის, 2018 წლის პირველ კვარტალში ჯარიმებით მიღებული თანხა 18 038 840 ლარს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე კვარტალში ბანკებს ჯარიმებისგან შემოსავალი 20,7 მლნ ლარით, 100%-ზე მეტად გაეზარდათ.
ფინანსისტების თქმით, ქართული საბანკო სექტორი მოგების მაღალ მარჟას სწორედ ჯარიმების/საურავებისა და საკომისიოებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯზე აღწევს. აღნიშნული მონაცემები კი საქართველოში ბანკების მიერ დაწესებულ ჯარიმების სიძვირეზე მიუთითებს.