ბათუმში ბარაკის ტიპის სახლებს დაანგრევენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმში , სასტუმრო "რადისონში", "ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" პრეზენტაცია გამართეს.

ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა მოხდება.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ტურისტული ცენტრის უსახური შენობებისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

"ძალიან მნიშვნელოვანი პრექტია, რომელიც განხილული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე. ეს ითვალისწინებს, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში მოხდება 20 მილიონი დოლარის ინვესტირება. საქართველოს ტურისტული ცენტრი უნდა გათავისუფლდეს უსახური შენობებისგან, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ასევე ქალაქის განვითარებას", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

როგორც არჩილ ხაბაძემ განმარტა, აჭარის მთავრობამ პროგრამა ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საზოგადოებრივი და საცხოვრებელი გარემოს შექმნისათვის შეიმუშავა. მისივე განმარტებით, აჭარის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, განათავსებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. არჩილ ხაბაძის თქმით, პროექტის მიმართ ინტერეს იჩენს "საქართველოს ბანკი", რომელიც უკვე ფლობს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილებას.

"საქართველოს ბანკთან" დღეს ფორმდება მემორანდუმს, რომლის ფარგლებში მაქსიმუმ სამი მილიონი დოლარის აღება შეუძლია დაინტერესებულ ინვესტორს. ბანკი სესხის გაცემის დროს მთავრობისგან გარანტიით უზრუნველყოფილი იქნება. პროექტს გავაცნობთ დეველოპერებს", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება იურიდულ პირსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის, შესაბამისად სამთავრობო თავდებობის გამოყენების შემთხვევაში მთავრობა დასრულებულ უძრავ ქონებას უშუალოდ ბანკისგან შეიძენს.