„მიშლენი“ საბურავების აღდგენის 3D ტექნოლოგიაზე მუშაობს

ფრანგული კომპანია „მიშლენი“ ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც, გაცვეთილი საბურავების სამგანზომილებიანი პრინტერის დახმარებით აღდგენა იქნება შესაძლებელი.

სპეციალურ სადგურებზე, ან საწვავით გასამართ სადგურებზე, მძღოლებს საშუალება ექნებათ, საბურავის პროტექტორის აღდგენა შეუკვეთონ. ამასთან, დანადგარის კომპიუტერს პროტექტორის ბევრი ვარიანტი ექნება დამახსოვრებული, რომელთა შორისაც, შემკვეთი მისთვის სასურველს შეარჩევს.

„მიშლენის“ კვლევისა და განვითარების განყოფილების დირექტორი სირილ როჟე ამბობს, რომ სამგანზომილებიანი პრინტერით პროტექტორის აღმდგენი დანადგარების წარმოებამდე ჯერ ბევრი დროა. თუმცა მისი ჯგუფი ამ მიმართულებით წარმატებით მუშაობს. კომპანიაში ასეთი დანადგარების გავრცელების მთავარ სირთულედ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ასახელებენ.

გარდა იმისა, რომ 3D დანადგარით პროტექტორის აღდგენის პროცესი ეკოლოგიურად გამართლებულია, ის ნაკლებად ენერგო ტევადიცაა. გარდა ამისა, ასეთი დანადგარები „მიშლენისთვის“ საჭირო ინფორმაციასაც დააგროვებენ და მათ კომპანიის მთავარ კომპიუტერს გადაუგზავნიან. გარდა ამისა, დისტანციური კავშირითვე იქნება შესაძლებელი დანდგარებისთვის პროტექტორების ახალი ნახატების გაგზავნა.

3D დანადგარით პროტექტორის აღდგენის ტექნოლოგიაზე მუშაობა არის ნაწილი სტრატეგიისა „ვიჟნერი კონცეპტ“ (ხედვის კონცეპცია), რომლის ფარგლებშიც, მიმდინარეობს კვლევა საბურავების ცალკეულ კომპონენტების კონსტრუქციაში, რეზინის სხვა მასალებით, მათ შორის, დაფქული ხის ნამზადებით ჩანაცვლებაზე. ამ ტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში, „მიშლენს“ დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტის (რომლებსაც რეზინის წარმოებისას იყენებს) დაზოგვის საშუალება მიეცემა.