ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორსა და ომბუდსმენს ღია წერილით მიმართავს

ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს პრაღიდან ღია წერილით მიმართავს.

მიმართვაში ბიზნესმენი ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი ბადაშვილსა და უჩა ნანუაშვილს, მისი საქმის ხელახალი გამოძიების დროულად დაწყებას სთხოვს.

"ამ დღეებში, პრაღის სასამართლომ ჩემს ექსტრადირებაზე უკვე მეხუთედ უთხრა უარი საქართველოს მთავარ პროკურატურას, რადგან მიიჩნია, რომ საქართველოში ჩემს სიცოცხლეს კვლავინდებურად საფრთხე ემუქრება და სამართლიანი სასამართლოს იმედი არ უნდა მქონდეს.

საგანგაშოა, როცა ევროპის ერთ-ერთი სასამართლო, 1 ოქტომბრის არჩევნებიდან წელიწადნახევრის შემდეგაც, ასეთ დასკვნას აკეთებს. გვინდა დავიჯეროთ, რომ სამართლიანობის აღდგენა ახალი ხელისუფლების პრიორიტეტია, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. 2012 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურაში სარჩელი შევიტანე ავთოც(ჭუტა) წერეთლის წინააღმდეგ, რომლის კაბინეტშიც ბრტყელტუჩათი არაადამიანურად მაწამეს. ამის მიზეზი წერეთლის მხრიდან ჩემი ბიზნესის ხელში ჩაგდების სურვილი იყო. პარალელურად, მასთან გარიგებაში მყოფმა მაშინდელი ფინანსური სამსახურის მესვეურებმა დევნა დამიწყეს, რის გამოც იძულებული გავხდი, თავი ჩეხეთისთვის შემეფარებინა.

მეხუთე წელია, ჩემი ოჯახის ტანჯვა გრძელდება. საქართველოს პროკურატურა კი იმის ნაცვლად, რომ სათანადოდ გამოიძიოს ჩემი წამებისა და დევნის საქმე, წერეთლის შეკვეთით შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე ჯიუტად ითხოვს ჩემს ექსტრადირებას. უფრო მეტიც, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ბიზნესმენი ირაკლი ბოჭორიძე ჭუტა წერეთლის განცხადების საფუძველზე დააპატიმრეს და 4 წელი მიუსაჯეს. ეს მაშინ, როცა ჩემი სარჩელი 2 წელია თაროზე დევს და გამოძიებას ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, დავეკითხე. ეს ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ ჭუტა წერეთლის კავშირებსა და გავლენებს პროკურატურასა და სასამართლოში ცვლილებები არ შეხებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს გენერალურ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩემი წამებისა და დანაშაულებრივი დევნის ფაქტები და პასუხისგებაში მისცენ კრიმინალური გარჩევებისა და დევნის ავტორები - ჭუტა წერეთელი და მისი ხელშემწყობები", - აცხადებს ბიზნესმენი ღია წერილში.

მინდია ქაშიბაძე კომპიუტერული ტექნიკის კომპანია "მაქს სტოპის" დირექტორი და მფლობელია. ის ამჟამად პრაღაში შინაპატიმრობაში იმყოფება.

ბიზნესმენ მინდია ქაშიბაძის ღია წერილს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ავრცელებს.