სურსათის სააგენტომ დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ქალაქის რამდენიმე უბანში მონიტორინგის შედეგად დარღვევები გამოავლინეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სუპერმარკეტ "მარიამიდან" და მარჯანიშვილის ქუჩაზე - ი/მ "მევლუდ ხარაიშვილის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტიდან ამოღებულია საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც არ იყო დადამღული.

"ბიზნესოპერატორებმა ვერ წარმოადგინეს ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაჯარიმდნენ 1000-1000 ლარით. ხორცი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება.

”ეტიკეტირების წესის დარღვევით სასურსათო პროდუქტების რეალიზაციისათვის 400-400 ლარით დაჯარიმდნენ: გლდანის მე-5 მიკრორაიონში მდებარე შპს "პურის სამყაროს" სუპერმარკეტი, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე - შპს "კარაქი" და დიღმის მასივში - ი/მ "ქსენია ჩიქოვანი", ხოლო დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ჰიპერმარკეტი კარფური" ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის დაჯარიმდა 1200 ლარით", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, მიუხედავად სურსათის ეროვნული სააგენტოს არაერთი განცხადებისა, სურსათის მწარმოებელ მეწარმეთა ნაწილი კვლავ აგრძელებს საქმიანობას ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე.

"ხიზანიშვილის ქუჩაზე - ი/მ " ბესარიონ ტეტიაშვილი", გლდანის მე-3 მიკრორაიონში - ი/მ "დიმიტრი ჩიკვილაძე", დიღმის მასივში - შპს "გიოდათი" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის 500-500 ლარით დაჯარიმდნენ (სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის 1 ნაწილი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღეს გლდანის მასივის 1 მიკრორაიონში მდებარე შპს "თეთრი 2012"-ის მარკეტიდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე - შპს "მალიდან", დიღმის მასივში - ი/მ "ფარნაოზ შანავას" სასურსათო მაღაზიიდან. ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდება, მეწარმეებს კი საჯარიმო სანქციები დაეკისრათ", - აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.