გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით არალეგალური ვაჭრობა 2-დან 4-წლამდე  თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

“გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით (CITES) განსაზღვრული საკითხები საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში აისახება.

პარლამენტში უკვე ინიცირებულია “საქართველოს “წითელი ნუსხისა“ და “წითელი წიგნის“ შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატებმა: კახა კუჭავამ, ზაზა ხუციშვილმა, ენძელა მაჭავარიანმა და გელა სამხარაულმა წარადგინეს.

“სხვადასხვა მიზეზის გამო ველური ფაუნისა და ფლორის ობიექტებზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მრავალ სახეობას გადაშენების საფრთხე დაემუქრა, ხოლო მრავალი სახეობა უახლოეს მომავალში დადგება ამ საფრთხის წინაშე, თუ არ მოხდება ასეთი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება. სწორედ ეს გახდა კონვენციის მიღების მიზეზი 1973 წელს, თუმცა წლიდან წლამდე კონვენცია უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ბოლო რამდენიმე წელია კონვენციის მხარეთა მიერ განხორციელებული ლეგალური ტრანზაქციების რაოდენობა მილიონს ასცდა. თითოეული ტრანზაქცია კი უმეტესწილად ერთზე მეტ ინდივიდს მოიცავს. დიდია არალეგალური ვაჭრობის მოცულობაც. ივარაუდება, რომ ველური ბუნების ობიექტებით არალეგალური ვაჭრობა მასშტაბით მსოფლიოში მეოთხეა ნარკოტიკებით, იარაღით და ადამიანებით ვაჭრობის შემდეგ. სხვადასხვა გათვლების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 4-20 მილიარდი დოლარის ღირებულების არალეგალურ ვაჭრობასთან გვაქვს საქმე. მაგალითისათვის, ყოველწლიურად დაახლოებით 17 000 სპილოს კლავენ არალეგალურად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, არალეგალური ექსპორტის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებზე ტრანზიტის გზით. ეს იმ პირობებში, როდესაც აფრიკული სპილოს პოპულაცია დაახლოებით 450 000 ინდივიდია, თვითგანახლების უნარი კი გაცილებით დაბალია. ყოველივე ამის გამო საერთაშორისო თანამშრომლობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს არსებული პრობლემების გადაწყვეტაში“, - ნათქვამია პარლამენტში ინიცირებულ პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ადგენს კონვენციის დანერგვაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს და მის უფლება-მოვალეობებს. პროექტი განსაზღვრავს “გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის და ზღვიდან ინტროდუქციის, ასევე ასეთი ნიმუშებით ქვეყნის ტერიტორიაზე ვაჭრობის პირობებს.

კანონპროექტი ასევე ადგენს საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლის შემთხვევებს, ადგენს ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვების და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესებსა და პირობებს, ასევე - სანებართვო მოწმობის გამოყენების წესს. განისაზღვრება რეტროსპექტიული ნებართვს გაცემის პირობები და დგინდება ნებართვის მფლობელების ვალდებულებები.

კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ადმინისტრაციულ სანქციებს გამოიწვევს. გარდა ამისა, “სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე.