გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინიციატივით, გლობალურ ტურიზმთან დაკავშირებით სტარტაპ კონკურსი ჩატარდება.ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. კონკურსი მსოფლიოს 164 ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც მოიცავს.
„წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან. ეს თანამშრომლობა გამოიხატებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი კონფერენციის საქართველოში მოწვევით, მათ შორის: ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია და მთის კურორტების განვითარების კონფერენცია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ახლა იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მსოფლიოს 164 ქვეყანაში განხორციელდება და მათ შორის ჩვენს თანამოქალაქეებსაც ექნებათ საშუალება, სტარტაპ პროექტები შეიტანონ ამ კონკურსის ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში ქართული სიტყვა ვთქვათ,"- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
კონკურსის მიზანია ტურიზმის სექტორის ტრანსფორმაცია, ინოვაციების დანერგვა და ახალ ბიზნესმოდელებზე ორიენტირებული სტარტაპების წარმოჩენა. როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, რეგიონალური მასშტაბით ბუდაპეშტში 10 სტარტაპი შეირჩევა, რომლებიც მადრიდში მსოფლიო შეჯიბრზე გაემგზავრება.
„ქართული სტარტაპებისთვის ეს იქნება შესაძლებლობა ის მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპ იდეები და სტარტაპ პროდუქტები, რომლებმაც ვალიდაცია გაიარეს ქართულ ბაზარზე, ვაჩვენოთ მსოფლიო საზოგადოებას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოს პოზიციონირება მოხდეს არა მხოლოდ ტურისტული ცენტრის, არამედ როგორც ტურისტური ინოვაციების ცენტრის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ სტარტაპებს წარმატების ძალიან დიდი შანსი აქვთ, როგორც რეგიონალური, ისე მსოფლიო მასშტაბით.
რეგიონალური მასშტაბით ბუდაპეშტში 10 სტარტაპი შეირჩევა, რომლებიც მადრიდში მსოფლიო შეჯიბრში გაემგზავრება, ხოლო იქ გამარჯვებული კი მიიღებს ძალიან მსხვილ კონტრაქტს ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებთან. მადრიდში წასვლა არის უდიდესი წარმატება და ქართულ სტარტაპს, რომელიც მადრიდში მოხვდება, შესაძლებლობა ექნება, პარტნიორები და ინვესტიციები მოიზიდოს", - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ბიზნეს მოდელები დაკავშირებული უნდა იყოს შემდეგ 4 ძირითად სფეროსთან: მოგზაურობის სამომავლო განვითარება (the future of travel); შთაბეჭდილებები ტურიზმის სექტორში (the tourism experience); გარემოზე ზეგავლენა (environmental impact); თემის განვითარება (community development).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა 3 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ განაცხადი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - www.tourismstartups.org.
კონკურსის გამარჯვებულ კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ ტურიზმის სექტორში წამყვან კომპანიებთან.