2018 წლის 6 თვის განმავლობაში მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო შეთანხმებებმა 341 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კი მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 11 წლის განმავლობაში.
როგორც კომპანია JLL-ის ანგარიშში წერია, ყველაზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა კომერციულ უძრავ ქონებაზე - ინდუსტრიულ და სასაწყობო ფართებზე, სადაც ინვესტიციის მოცულობა 22%-ით, 57 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი.
რაც შეეხება რეგიონებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი შეთანხმება გაფორმდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აქ 132 მილიარდის შეთანხმება გაფორმდა. ყველაზე მეტი ინვესტირება კი შესაბამისად აშშ-ში მოხდა, სადაც ის 11%-ით არის გაზრდილი. ამასთან 31%-ით არის შემცირებული შტატებში უცხოური კომპანიების ინვესტიციები, რომლთა ადგილები ადგილობრივმა კომპანიებმა დაიკავეს.
ცოტა ნაკლები იყო აქტივობა ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში აქ შეთანხმებების მოცულობა 11%-ით 67 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გამოიწვია საერთო მოცულობის გაზრდა 9%-ით 128 მილიარდ დოლარამდე. მაჩვენებელის ზრდა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, სადაც მოხდა აზიური კომპანიების მხრიდან მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება. უცხოური კომპანიები მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდნენ მთელი ევროპის მასშტაბით. მაგალითად, გერმანაიში ინვესტიციები ამ ბაზარზე 23%-ით, ხოლო საფრანგეთში 60%-ით გაიზარდა.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეთანხმებების მოცულობამ პირველი ნახევარი წლის განმავლობაში 81 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქტივობა ბაზარზე ადგილობრივი და უცხოური კომპანიების გააქტიურებამ გამოიწვია, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებდნენ ჰონგ-კონგის უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე სამხრეთ კორეაში და ავსტრალიაში. მხოლოდ ამ სამ რეგიონში დაფიქსრიდა 110%-იანი ზრდა.
JLL-ის წინასწარი პროგნოზით, 2018 წლის საინვესტიციო მოცულობა 715 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც გასული წლის ანალოგიური იქნება.
მანამდე კომპანია Knight Frank-მა უძრავ ქონებაში ინვესტიციების განხორციელებისთვის სამი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი დაასახელა. პირველ ადგილზე აღმოჩნდა ლოს-ანჯელესი, სადაც კომერციულ უძრავ ქონებაში ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2017 წელს 21,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე გავიდა ცენტრალური ლონდონი 20,8 მილიარდი დოლარის ინვესტიციით, 20,2 მილიარდი დოლარით მესამე ადგილი ნიუ-იორკის უბანმა მანჰეტენმა დაიკავა.
კოკა კვირკველია