თბილისში, ტაქსის საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის აღება 1-ლი აგვისტოდან უკვე დაიწყო. მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი მძღოლები, რომლებიც ამ საქმიანობას ნებართვის გარეშე განახორციელებენ, დაჯარიმდებიან.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის დასაწყისში საკურორტო ზონებში ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციაზეც იყო საუბარი. კერძოდ, როგორც მიმდინარე წლის იანვარში მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებდა, ტაქსების სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს საკურორტო ზონებშიც დაიწყებოდა და მიმდინარეობდა მუშაობა, თუ როგორ მომხდარიყო რეგისტრაცია და რა სახის რეგულაციები დაწესებულიყო.
„პირველ რიგში, რეგიონებში რასაც ვიზამთ, არის ის, რომ აუცილებლად შემოვიღებთ ამ რეგულაციებს საკურორტო ზონებში. წელს კატასტროფა ხდებოდა ბაკურიანში. მთელი საქართველოდან ტაქსები ბაკურიანში იყო ასული. ერთ დამსვენებელზე ამდენი ტაქსი საჭირო ნამდვილად არ იყო. აქედან გამომდინარე, ეს რეგულაციები აუცილებლად მოხდება და მოხდება სწრაფად. მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემები იქ აღარ გვექნება,“-აცხადებდა ალავიძე.
თუმცა, აღნიშნული იდეა მხოლოდ იდეად დარჩა. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მაშინ ძირითადად ბაკურიანზე იყო საუბარი, თუმცა, ალავიძის განცხადების შემდეგ თემა არ დაძრულა და სიახლე არაფერია.
ამასთან, უწყების განმარტებით, აღნიშნული საკითხი სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის და შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა უნდა დაარეგულიროს საკუთარ ტერიტორიაზე.