ტურიზმის ადმინისტრაციამ ტურისტულ ემოციებზე დაფუძნებული ზუსტი გზამკვლევის შექმნის მიზნით ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავა

საქართველომ ხელოვნური ინტელექტი შეიმუშავა, რომელსაც სოციალურ მედიაში ჭეშმარიტად ადამიანური ემოციების აღმოჩენა შეუძლია,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეიქმნა ყველაზე ზუსტი გზამკვლევი, რომელიც 7 000 000-ზე მეტი ტურისტის მიერ განთავსებულ პოსტებს ეყრდნობა.

„6 თვიანი ინტენსიური მუშაობის განმავლობაში კომპლექსური ხელოვნური ინტელექტი სოციალურ მედიაში ადამიანის ყველაზე ჭეშმარიტი ემოციების აღმოჩენას, გაანალიზებასა და დახარისხებას აწარმოებდა. ემოციების აღმოჩენა და გაანალიზება 7 000 000-ზე მეტი მოგზაურის პოსტის საფუძველზე ხდებოდა, რომელთაც საქართველოს შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გააზიარეს. შემდგომ კი ყოველივე ეს გამოყენებულ იქნა ქვეყნის ყველაზე ემოციური და ზუსტი გზამკვლევის შესაქმნელად,“ - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კამპანია „Emotions are Georgia“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA) მიერ 2018 წლის 18 ივლისს დაიწყო. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, ეს არის ტურისტთა გულწრფელი და ცენზურაგაუვლელი მიმოხილვები.

"საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყნის ჩვენება სტუმრებისთვის, სანაცვლოდ, ისინი საკუთარი მოგზაურობის ფოტოებსა და ისტორიებს აზიარებენ. ეს გახლავთ უშუალო, გულწრფელი და ცენზურა-გაუვლელი მიმოხილვები, რომლებიც დაწერილია არა პროფესიონალ მოგზაურთა მიერ, არამედ ჩვეულებრივი ტურისტების - მთელ მსოფლიოში მოგზაური პირების – მიერ, რომლებიც ნამდვილად ეწვივნენ ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

www.emotionsaregeorgia.com-ზე მომხმარებელს საქართველოს შესახებ საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებული საკუთარი, უნიკალური გზამკვლევის შექმნა შეუძლია.

"ვებ-პლატფორმის მთავარი ფუნქციაა საქართველოს შესახებ თქვენი საკუთარი გზამკვლევის შედგენა. ვებ-გვერდისათვის თქვენი Facebook-ის ძირითად ინფორმაციაზე წვდომის მინიჭებით ან უბრალოდ, გარკვეულ სწრაფ შეკითხვებზე პასუხით ვებგვერდი აანალიზებს არა მხოლოდ თქვენს ინტერესებს, არამედ პოულობს მსგავსებებს და აჯერებს მათ პოსტის ავტორთა ინტერესებთან, რითაც თქვენთვის ყველაზე რელევანტურ გზამკვლევს ჰქმნის,“ - განაცხადა WINDFOR'S-ის დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ.