ბათუმის ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის "ერგე 1"-ის რეაბილიტაცია დასრულდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ხაზის რეაბილიტაციის შედეგად ბათუმის ენერგომომარაგება უფრო სტაბილური და ხარისხიანი გახდა.

მათივე განმარტებით, ხაზის სიგრძე 13 კმ-ს შეადგენს და ის ბათუმის აბონენტების ნახევარს კვებავს. აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის დანერგვის მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 1 მლნ-მდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

"მაღალი ძაბვის გადამცემ "ერგე 1"-ს შეუძლია მუდმივად 45 მგვტ ნომინალური ტვირთის გატარება, რაც ქ. ბათუმის მაქსიმუმზე მოთხოვნილი ტვირთის ნახევარს შეადგენს. დღემდე შესაძლებელი იყო ხაზის მხოლოდ 60%-ით დატვირთვა და არსებობდა ავარიული გამორთვების მომატებული რისკი. ამდენად ხაზის სრული რეაბილიტაცია მეტად მნიშვნელოვანია ქალაქის ენერგომომარაგების თვალსაზრისით. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ 39 კმ სადენი, ასევე დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი სახაზო უჯრედები, რამაც გაზარდა ხაზის საიმედოობა და ფაქტიურად გამორიცხა ავარიული გამორთვების ალბათობა", – განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა მენეჯერმა ალექსანდრე ნემსაძემ.

კომპანიის განმარტებით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" აბონენტების ხარისხიანი და სტაბილური ენერგომომარაგება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით ქსელის სარეაბილიტაციო პროექტების დანერგვა გრძელდება.