გამომცემლობა “ელფი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. “ელფი“ მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას ხელმოწერით მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც გამომცემლობას მათემატიკის სახელმძღვანელოებზე 24 ივლისს მინიჭებული გრიფი გაუუქმდა.
“გამომცემლობა “ელფმა“ გრიფირების კონკურსში 1-6 კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოები წარადგინა. ჩვენ საავტორო უფლება გერმანული და ავსტრიული გამომცემლებისაგან გვაქვს ნაყიდი. ექსპერტებმა, რომლებიც განათლების სამინისტრომ დაიქირავა, ჩვენს მიერ წარდგენილი სახელმძღვანელოები შეაფასეს. მივიღეთ უმაღლესი შეფასება - 100-დან 98-ქულამდე. ამის შემდეგ სამინისტრომ დაგვავალა, რომ სახელმძღვანელოები სკოლებისთვის გაგვეცნო, რისთვისაც საკმაოდ მოკლე დრო მოგცა. უნდა მოგვევლო მთელი საქართველო და რაც შევძელით, თითქმის ყველა რაიონი მოვიარეთ. უნდა შეგვეგროვებინა 5-ათასი ტირაჟი ანუ ჩვენი წიგნით სწავლა სულ მცირე 5 ათასს მოსწავლეს უნდა სდომოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში წიგნები არ დაიბეჭდებოდა. ჩვენ გაცილებით მეტი - 20 ათასამდე შეკვეთა ავიღეთ თითო კლასში. ამის შემდეგ მიმდინარე წლის 24 ივლისს მოგვენიჭა გრიფი. სახელმძღვანელოების დასაბეჭდად მივეცით შეკვეთა, მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი - ხელშეკრულებების გაფორმება, გრძელდება ხარჯების გაწევა, რა დროსაც, 3 აგვისტოს განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ გამოსცა ბრძანება “ელფისთვის“ მინიჭებული გრიფის გაუქმების შესახებ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობის ფინანსურმა მენეჯერმა ზვიად სებისკვერაძემ.
მისივე განმარტებით, “ელფს“ სახელმწიფო უწყებისგან დღემდე არ მიუღია პასუხი, თუ რა გახდა „გრიფის წართმევის მიზეზი“.
“საჯარო განხილვის მიზნით, სახელმძღვანელოები სოციალური ქსელით გამოვაქვეყნეთ. პედაგოგების, საგნის სპეციალისტების და მეთოდისტებისგან აბსოლუტურად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან არის ახალი სიტყვა. ეს არის თანამედროვე, ევროპული მეთოდიკით შედგენილი სახელმძღვანელოები, რაც აქამდე საქართველოში არ ყოფილა“, - აღნიშნა ზვიად სებისკვერაძემ.