დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა.მისი თქმით, რეფორმის ვადის გადაწევის მიზეზი საკითხის ირგვლივ მიმდინარე საპარლამენტო დისკუსიები გახდა.
“ერთი წელი ეს საჯარო განხილვისთვის იდო და 6 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში იხილებოდა, ამიტომაც ამოქმედების ვადამ გადაიწია, რადგან ბიზნესისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს, ვინაიდან ახლა ხომ ვერ დაიწყებდნენ დამატებით საპენსიო შენატანებს, რომელიც თავიანთ დასაქმებულებს უნდა გადაუხადონ. ასე რომ, ეს თემაც იყო - ჩვენ ბიზნესს საკმარისი დრო მივეცით იმისათვის, რომ საპენსიო რეფორმისთვის მოემზადონ”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
აკაკი ზოიძის განმარტებით, კანონის თანახმად, 2%-ს იხდის დასაქმებული და 2%-ს სახელმწიფო უმატებს, თუმცა გარკვეული ხელფასის ზღვრამდე, რადგან 5000 ლარის ზემოთ თანხის დამატება აღარ მოხდება. “პირველი იანვრიდან ავტომატურად ჩაერთვება ყველა 60- წლამდე მამაკაცი და 55-წლამდე ქალი, რომელიც დაქირავებით მუშაობს, დანარჩენ თვითდასაქმებულებს შეუძლიათ მოხალისედ ჩაერთონ და დაახლოებით 3 თვის შემდეგ შეეძლებათ 40 წლის მამაკაცებსა და ქალებს, დაწერონ განცხადება და ამ სისტემიდან გამოვიდნენ ან შეუძლიათ, დარჩნენ სისტემაში”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.