საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ აშშ-ში შეხვედრები გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ნინო ფანჯიკიძე საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელსა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტს შორის, რომელიც მიზნად ისახავდა პალატის საქმიანობის გაცნობას და გამოცდილების მიღებას ადვოკატირებისა და მთავრობასთან ურთიერთობის მიმართულებით და ამასთანავე, მათი პრაქტიკის გაზიარებას.

"ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში Global Supply Chain Summit 2014 გაიმართა, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. სამიტის ფარგლებში სენატორმა ორინ ჰეჩმა ისაუბრა შეერთებულ შტატებთან არსებულ პრეფერენციების განზოგადებული სისტემის (GSP) მნიშვნელობაზე და მის განახლებაზე, რომლის ძირითადი არსია ბენეფიციარი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან, იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო საიმპორტო ტარიფის შემცირებული განაკვეთების დაწესება, რაც აადვილებს განვითარებადი ქვეყნების საქონლის შეღწევას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე", - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.

მათივე განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში ნინო ფანჯიკიძემ შეხვედრები გამართა ასევე დარგობრივ ასოციაციებთან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან USAID, ასოციაციების მენეჯმენტ კომპანიასთან, ლობისტურ ჯგუფებთან, უზენაეს სასამართლოსთან, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ფონდთან, API Energy-სთან, იურიდიულ კომპანიებთან, რომლებიც კლიენტებს სთავაზობენ ადვოკატირების სერვისს და დახმარებას უწევენ მთავრობასთან კომუნიკაციაში.

"შეხვედრების ფარგლებში ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა საინტერესო ინფორმაცია მიიღო აღნიშნულ სტრუქტურებში და ინსტიტუტებში არსებული პრაქტიკის შესახებ. მიღებულ ინფორმაციას და გამოცდილებას ბიზნეს ასოციაცია სამომავლოდ გამოიყენებს თავის საქმიანობაში", - განმარტავენ ასოციაციაში.