ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო იმ დროს ნახეს, როდესაც მოქალაქე პირველადი გადამუშავების პროდუქტის - ფიცრის გადამუშავებას უკანონოდ ახდენდა. სახერხი დანადგარი დაილუქა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხვედველობის ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოვლენილი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შსს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში.