თურქული ლირის გაუფასურების გამო მეზობელ ქვეყანაში დასაქმებული ქართველები სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლას ან სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ.
როგორც ემიგრანტების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ სიტუაციაში მხოლოდ მათ „გაუმართლათ“, ვინც ხელფასს დოლარში იღებს, ასეთები კი ძალიან ცოტანი არიან.
თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დღეს ერთი დოლარი 5,24-5,25 ლირად ივაჭრება. თურქეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალური სტატისტიკით კი ლირა დოლარის მიმართ იანვრიდან დღემდე თითქმის 37%-ით გაუფასურდა. გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 5,15 ლირა ღირდა.
ლირის გაუფასურებამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა თურქეთში დასაქმებული ის ქართველები, რომლებიც ანაზღაურებას ეროვნულ ვალუტაში იღებენ. შრომითი ემიგრანტები ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, ნაწილი კი ევროპაში გადასვლისთვის ემზადება. როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ნაწილმა თურქეთი უკვე დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში გადავიდა.
„აზრი აქ აქვს აქ დარჩენას, ლირა ყოველდღე უფასურდება. რომ ჩამოვედი 1 500 ლირა მქონდა ხელფასი, ეს დაახლოებით 1 100 ლარი იყო, ახლა 700 ლარია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბრუნდე“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ თურქეთში დასაქმებულმა ერთ-ერთმა ქართველმა.
„გაკუპონებულ ლირაზე მუშაობას აზრი აღარ აქვს. უკვე დავიწყე საბუთების მზადება და სამუშაოდ, ალბათ, იტალიაში გადავალ. სხვა გზა აღარ არის, აქ ლირას ძალა აღარ აქვს“, - განაცხადა კიდევ ერთმა ქართველმა.
ლირის გაუფასურება ნაკლებად მძიმედ აისახა იმ დასაქმებულ ქართველებზე, რომლებსაც ხელფასი დოლარში აქვთ, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით მცირეა.
„ხელფასი დოლარში მქონდა, მაძლევდნენ 700 დოლარს. როდესაც ლირამ მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო, მეც ხელფასი ლირაში გადამიყვანეს და ახლა 500 დოლარსაც ვერ ვიღებ. ნაწილს საერთოდ 100-100 დოლარი დააკლეს. ჩემს სანაცნობოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვისაც ხელფასი დოლარში ჰქონდა, მაგრამ ლირას კრიზისმა მის ანაზღაურებაზე გავლენა არ მოახდინა, დამსაქმებელმა არც ხელფასი შეუმცირა და არც ლირაში დაუკონვერტა ხელფასი.
მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა, აქ დარჩენას უკვე აზრი აღარ ექნება. ქართველების ნაწილმა უკვე დატოვა თურქეთი და სამუშაოდ იტალიასა და საბერძნეთში წავიდა, თუმცა სამსახურის დაწყება იქ ადვილი არ არის, მაგრამ ხელფასს იღებ მყარ ევროში“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ქართველმა.