„ტესლა“ თავის ევროპულ გიგაქარხანას გერმანიაში, ან ჰოლანდიაში ააგებს

კომპანია „ტესლა“ გერმანიის და ჰოლანდიის ხელისუფლებებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რისი მიზანიც, რომელიმე მათგანის ტერიტორიაზე თავისი ევროპული გიგაქარხნის მშენებლობაა.„უოლ სტრიტ ჯურნალის“ ინფორმაციით, მოლაპარაკება უკვე გაიმართა გერმანიის ორი ტერიტორიული ერთეულის (მიწის) ხელისუფლებასთან.

„ტესლას“ გიგაქარხნის კონცეფცია, მის ფარგლებში ელექტრომობილებისთვის საჭირო ყველა ძირითადი კომპონენტის ადგილზე წარმოებას ითვალისწინებს. მოლაპარაკებები ჯერ ახალი დაწყებულია და ამ ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება.

ივნისში ამერიკული კომპანიის შეფმა ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქარხნის აშენებას გერმანიაში, ბენელუქსის ქვეყნების საზღვართან ამჯობინებს. თუ ასეც მოხდა, ქარხანის საინჟინრო დივიზიონი, დიდი ალბათობით, პრუემში (გერმანია) განლაგდება.

„ტესლა“ თავისი გიგაქარხნების მშენებლობის გაგრძელებას იმის მიუხედავად გეგმავს, რომ ამერიკაში მსგავსი მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა ის უკვე მუშაობს და ავტომობილებსაც უშვებს. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ, კომპანია ამ თემაზე უკვე შეუთანხმდა ჩინეთის ქალაქ შანჰაის ხელისუფლებას.

რიგი პრობლემების მიუხედავად, „ტესლა“ თავის მომცრო „მოდელ 3-ის“ წარმოების გაზრდას გეგმავს. გარდა ამისა, წარმოებისთვის მზადდება პატარა ქროსოვერი, რომელიც ამჟამად „მოდელ Y-ის“ სახელით არის ცნობილი. კომპანია ასევე მუშაობს ელექტრულ პიკაპზე, ელექტრულ ჰიპერ ავტომობილსა და ელექტრულ სატვირთოზე. „ტესლა“ იქადნის, რომ მის ჰიპერ ავტომობილს, მსოფლიოში დინამიკური მახასიათებლების მიხედვით, კონკურენტი არ ეყოლება.

გარდა ამისა, მასკი ირწმუნება, რომ მისი კომპანია ამ წელს დადებითი ბალანსით დაასრულებს. თუმცა ბევრი ანალიტიკოსი წერს, რომ „ტესლას“ გადასარჩენად უზარმაზარი კაპიტალის მოზიდვა დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ თავის რამდენიმე პარტნიორ მიმწოდებელს, რომლებსაც ვალი დაუბრუნა, რეფინანსირება სთხოვა.