აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მსხვილი პოლონური კომპანიის PFI Future აღმასრულებელ დირექტორს მარეკ ნოვარას და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტნეციალს და სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. მინისტრმა ინვესტორებს აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. მხარეებმა საქართველოში ბიზნესის დაწყების ხელსაყრელ რეგულაციებზე და აჭარაში არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებზე ისაუბრეს.
კომპანია აჭარაში კაპიტალდაბანდებით არის დაინტერესებული. მსხვილი პოლონური კომპანია რეგიონში საგანმანათლებლო-გასართობი, ასევე ტურისტული მიმართულების კომპლექსური პროექტის განხორციელებას გეგმავს.
PFI Future მზად არის აჭარაში 185 მლნ ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს.
მხარეებს შორის სამომავლოდ შეხვედრები დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის საინვესტიციო პროექტის დეტალური შესწავლა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარი გაიმართება.
ცნობისთვის, კომპანია PFI Future-ს ქალაქ ვროცლაში არსებული ცნობილი ოკეანარიუმის საინვესტიციო პროექტი ეკუთვნის, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული ოკენარიუმია. ობიექტს წელიწადში 2 მილიონამდე ვიზიტორი ყავს.