თბილისში 500 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და აქედან 50%-ზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მერიის კუთვნილი 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს, რის გამოც მათი ექსპლუატაციიდან ამოღება მოხდება.
„მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება. ამ ეტაპისთვის მერიის კუთვნილი 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მინდა დაგავალოთ, რომ ეს ავტომობილები ამოიღოთ ხმარებიდან, რადგან სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებს გარემოს.
არ ვეთანხმები იმას, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნის პრობლემას, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პრობლემის, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით გვაქვს. ასევე პატარა ავტომობილები ქმნიან სერიოზულ პრობლემას. თბილისში 500 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50%-ზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მგონია, რომ ტექნიკური ინსპექტირება ამ კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეულწილად ხელს შეუწყობს,“-აღნიშნა კალაძემ.