აგვისტოს ომის ეკონომიკა და შედეგები - როგორ აისახა საქართველოზე რუსული აგრესია

2008 წლის აგვისტოს ომის ნეგატივი ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე აისახა, მათ შორის, საინვესტიციო გარემოზე, საბანკო სექტორზე, ეკონომიკის ზრდაზე, საგარეო ვაჭრობაზე და ა.შ. მრეწველობის თუ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე.ექსპერტული გათვლებით, პირდაპირი ზარალის მაჩვენებლმა 2 მლრდ დოლარს მიაღწია.

თუმცა, როგორც ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, ეს არ არის ქვეყნის ფინანსური დანაკარგის მთლიანი მოცულობა, რადგან აქ არ იგულისხმება ის არაწარმოებული პროდუქცია, რომელიც ქვეყანას მშვიდობიანი პერიოდის შენარჩუნების შემთხვევაში ექნებოდა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც 2007 წელს საქართველოს ეკომიკურმა ზრდამ ყველაზე მაღალ, ორნიშნა მაჩვენებელს 12,3%-ს მიაღწია, მეორე წელს კი მშპ-ს ზრდამ მხოლოდ 2,3% შეადგინა. ამავე დროს, ომმა ინვესტიციების მოცულობა 3-ჯერ შეამცირა.

„აგვისტოს ომის შედეგების შეფასებისას, ჩვენ მხოლოდ პირდაპირ დანაკარგებზე შეგვიძლია საუბარი და არა იმ არაწარმოებულ პროდუქციაზე, რომელიც ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნების შემთხვევაში ექნებოდა. შესაბამისად, რეალური ზარალი გაცილებით დიდია. ამას ემატება ისიც, რომ ომით მიყენეული ზარალის ანაზღაურებას გარკვეული დრო, სახსრები დასჭირდა და რომ არა უცხოეთიდან წამოსული დახმარება, ეს პროცესი გაცილებით გრძელვადიანი და რთული იქნებოდა. ეს კი, უფრო მძიმედ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობაზე, ბიუჯეტის შევსებაზე და ა.შ.

ამასთან, ომამდე ერთი წლით ადრე, 2007 წელს ჩვენ გვქონდა ეკონომიკური ზრდის საუკეთესო, ორნიშნა მაჩვენებელი, 12,3%-იანი ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ ინვესიტიციები სულ უფრო იზრდებოდა, 2008 წლის პირველ ნახევარში ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი შანსი, რომ ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი ყოფილიყო. თუმცა, ამ ომმა ბევრ რამეს გადაუსვა ხაზი და ჩვენ არათუ არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, უკან დახევაც კი მოგვიწია. წარმოიდგინეთ, 2008 წლის მეორე ნახევარში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, წლის პირველ ნახევართან შედარებით. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან, სადაც ზარბაზნები ქუხს, იქ კაპიტალი არ შედის“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკოსის ინფორმაციით, აგვისტოს ომის პერიოდში პირდაპირი ზარალის ოდენობამ დაახლოებით 2 მლრდ დოლარი შეადგინა, თუმცა ამაში არ შედის ის დანაკარგი, რომელიც საქართველოს მთლინობაში ჰქონდა.

„აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას და კონცენტრირებას ვახდენთ აგვისტოს ომზე. სინამდვილეში საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომი მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან იწყება. მცირე პერიოდში თითქმის 8 საომარი კონფლიქტი და ეთნიკური დაპირისპირება იყო, რის გამოც საქართველოს ჰქონდა ყველაზე მძიმე ეკონომიკური ვარდნა მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა. მთელ საბჭოთა სივრცეში ეკონომიკა 1/3-ით შემცირდა, საქართველოში კი თითქმის, 75%-ით, ანუ 4-ჯერ.

გარკვეულწილად ამის მიზეზი იყო გარედან თავსმოხვეული კონფლიქტები, რის გამოც საქართველო მიმართული იყო არა აღმშენებლობაზე, არამედ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე. დაუძინებლი მეზობლის მხრიდან გარედან ნეგატიური ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, ჩვენთან ეკონომიკა 75%-ით კი არა, მაქსიმუმ 35%-ით შემცირდებოდა. ამ შემთხვევაში რამდენი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკა, 2016 წლის ფასებში მაქვს დაანგარიშებული და უხეშად რომ ვთქვათ, 1991 წლიდან 2007 წლამდე ჩვენ გვექნებოდა საშუალება, რომ გვეწარმოებინა ჯამში 400 მლრდ დოლარით მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი. თუ ავიღებთ ამჟამინდელ ან მასთან მიახლოებულ საგადასახადო პოლიტიკას, ამ წლების განმავლობაში საშუალება დამატებით გვქონოდა 80-დან 100 მლრდ-მდე საგადასახადო რესურსი. ახლა წარმოიდგინეთ, რა თანხებსა და მასშტაბებზეა საუბარი“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, რუსეთმა კავკასიის რესპუბლიკების თვალში „საქართველოსგან საფრთხობელა შექმნა, რათა ეჩვენებინა, რომ ვინც რუსეთთან არ იქნება, ასე დაისჯება“.

„სინამდვილეში კი, ჩვენ ასე ვცხოვრობთ არა იმიტომ, რომ რუსეთს დავცილდით, რამედ იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვცა საშუალება ნორმალურ რეჟიმში მოგვეხდინა ეკონომიკის განვითრება“, - განაცხადა არჩვაძემ.

რაც შეეხება ისევ აგვისტოს ომს, მიყენებული ზარალის დროულად დაფარვისა და საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შეუქცევადობის უზრუნველსაყოფად, დონორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს 4.5 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო. ამ დახმარებიდან დაახლოებით 2 მილიარდი სესხი იყო.

„დონორების დახმარებამ საშულება მოგვცა, რომ ეს დარტყმა მაქსიმალურად ამორტიზირებული ყოფილიყო. ამით ლარმა შეინარჩუნა სტაბილურობა, სახელმწიფომ თავისი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყო და ა.შ.“,-აცხადებს სოსო არჩვაძე.

ნინი ქეთელაური