თბილისის ცენტრალურ უბნებში შესაძლოა, კომერციული ფართების გაქირავების ფასი შემცირდეს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, დედაქალაქში სავაჭრო მოლების გახსნამ თბილისის მთავარ სავაჭრო ქუჩებზე - რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, პეკინსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კომერციული ფართების ნაწილი დააცარიელა.
ამასთან, როგორც ირკვევა, ამ უბნებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომერციულ ფართების გაქირვების ფასებმა შედარებით მოიმატა. თუკი გასული წლის ზამთარში კვადრატულის ფასი 50$-მდე მერყეობდა, ახლა საშუალო ფასი 70$-მდეც კი ავიდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების გაქირავების ფასით და ამასთან, როგორია მოთხოვნა-მიწოდების ტენდენცია.
უძრავი ქონების გაყიდვების საიტის SS.ge ინფორმაცით, კომერციული ფართების გაქირავების ფასი უბნების მიხედვით განსხვავებულია. მათივე ცნობით, ფართის ქირაობა შედარებით იაფია პეკინზე, ძვირი კი რუსთაველის გამზირსა და ჭავჭავაძეზე.
რაც შეეხება კონკრეტულ ფასებს, SS.ge -ზე გამოქვეყნებული განცხადებების მიხედვით, პეკინზე კვადრატულის ფასი 10$-დან იწყება, აღმაშენებელზე - 12$-დან, ჭავჭავაძესა და რუსთაველზე 15$-დან. მაქსიმალური ფასი კი 50$-ია.
ამასთან, განცხადებების მიხედვით, ყველაზე მეტი კომერციული ფართი ქირავდება ჭავჭავაძესა (85) და აღმაშენებელზე (40).
SS.ge -ის ინფორმაციით, ზოგადად უბნების მიხედვით ფართების გაქირავების მაქსიმალური და მინიმალური ღირებულება კი ასეთია: რუსთაველზე მაქსიმალური ფასი 9170$, მინიმალური - 500$; აღმაშენებელის გამზირზე მაქსიმალური ფასი 10090$, მინიმალური - 100$; ჭავჭავაძეზე მაქსიმალური ფასი -17720$, მინიმალური - 120$; პეკინზე მაქსიმალური ფასი 8000$, მინიმალური - 120$.
"პეკინზე 8000$ ღირს 300კვ.მ გარემონტებული, კომერციული ფართი. მინიმალური, 120$-ანი კი 17 კვ.მ-ა და როგორც აღწერაში წერია, გამოდგება ხილ-ბოსტნის მაღაზიისთვის და სხვა კომერციული დანიშნულებისთვის. ჭავჭავაძეზე 17720$ ღირს 1200 კვ.მ კვების ობიექტი, გარემონტებული, ორსართულიანი. თუმცა, აქ მთლიანი მიწის ფართია 1200 კვ. კონკრეტულად შენობა კი, 700კვ.მ.-ა. მინიმალური 120$ანი ფართი არის 10 კვ.მ ყოფილ სტუდქალაქში, გამოიყენება კომერციული დანიშნულებით. რუსთაველზე 9170$ ღირს 380 კვ.მ. ეს არის ელბაქიძის ხიდთან. როგორც აღწერაში წერია, გამოდგება კლუბის, რესტორის, საოფისე და კომერციულ ფართად. რუსთაველზე მინიმალური 500$ ღირს და სულ 50 კვ.მ-ა. ეს არის კორპუსის ბინა, რომელიც გამოიყენება კომერციული დანიშნულებით. რაც შეეხება აღმაშენებელს, აქ კომერციული ფართის გაქირავების მაქსიმალური ფასი 10 090$-ა. ეს არის 300 კვ.მ. კაფე, ბარი, რესტორანი. მინიმალკური ფასი კი 100$-ა. თუმცა, ეს საოფისე შენობაა, სადაც მხოლოდ 10 კვ.მ ქირავდება ამ ფასად",-აცხადებენ Ss-ge-ში.
უძრავი ქონების სააგენტო „კიბე.ჯის“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ უბნებში კომერციული ფართების გაქირავების ფასი საშუალოდ 70$-ია, თუმცა მოსალოდნელია ღირებულების შემცირება, რადგან თბილისში გახსნილმა რამდენიმე სავაჭრო მოლმა ცენტრალურ უბნებში არსებულ კომერციულ ფართებზე შესაბამისი ნეგატიური გავლენა იქონია.
„გაქირავების ფასი დამოკიდებულია ადგილსა და ფართზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ობიექტი უბნის რა ნაწილშია. მაგალითად, პეკინზე შუა ნაწილში სულ სხვა ფასი აქვს და ამავე ქუჩას ვაჟა-ფშაველას მიმართულებით სულ სხვა. რუსთაველზე და ჭავჭავაძეზე კვადრატული საშუალოდ 70$ უნდა იანგარიშოთ, ისევე როგორც აღმაშენებელზე (ან ოდნავ ნაკლები).
„ვფიქრობ, ამ უბნებში კომერციული ფართების გაქირავების ფასი კლებისკენ წავა, რადგან თუნდაც „გალერი თბილისის“ და რამდენიმე სავაჭრო ობიექტის გახსნა ძალიან აისახა ამ ტერიტორიაზე არსებული ფართების გაქირავებაზე. იმიტომ, რომ ბრენდული მაღაზიების ნაწილი თბილისი მოლებში გადავიდა. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ უბნებზე მოთხოვნა არ არის, უბრალოდ, არსებული ფართები ზოგჯერ კლიენტის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“,-აცხადებს ნელი გოგუაძე.