IDFI პრემიებზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

IDFI რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების პრემიებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

IDFI-მ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრიდან და ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრიდან გამოითხოვა.

IDFI-ის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს - დეპარტამენტის თავმჯდომარის - 3 450 ლარს, პირველი მოადგილის - 2 700 ლარს, მოადგილის 2 600 ლარს. 2013 წლის განმავლობაში აღნიშნული თანამდებობის პირები ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიას.

როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული შესყიდვები განახორციელა 34 944 779 ლარის ღირებულების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი თანხა 11 171 430 ლარი მოხმარდა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზის კმ22-კმ34,3 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდს, ფონდის ბალანსზე ამჯერად იმყოფება 39 ავტომობილი, რომელთაგან აღმასრულებელი დირექტორის მფლობელობაში იმყოფება 103 908 ლარად შესყიდული 2010 წელს გამოშვებული ტოიოტა ლენდკრუიზერი, ხოლო მისი პირველი მოადგილის მფლობელობაში - 69 804 ლარად შესყიდული 2008 წელს გამოშვებული იგივე მოდელის ავტომობილი.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 6000 ლარს, მისი პირველი მოადგილის 5 500 ლარს, ხოლო მისი მოადგილის 5 450 ლარს. 2013 წელს აღმასრულებელ დირექტორსა და მის ორ მოადგილეს პრემიის სახით მიღებული აქვთ 50 276 ლარი.

2013 წლის განმავლობაში ფონდმა საზღვარგარეთ მივლინებებზე ჯამში 46 833 ლარი დახარჯა, დაწესებულების წარმომადგენლობითმა ხარჯმა კი 58 506 ლარი შეადგინა.