საავტომობილო გზების დეპარტამენტს კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაუდგინდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა დაასრულა.

კერძოდ, საქმე მხოლოდ ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნას შეეხებოდა.

მოკვლევის ფარგლებში, ელექტრონულ ტენდერებთან მიმართებაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დადგინდა.

ცნობისთვის, აღნიშნული მუხლი სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას გულისხმობს.

კერძოდ, „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკრძალებათ: სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შერწყმა, კავშირების, ასოციაციების, გაერთიანებების ან სხვა სახის სამეწარმეო სტრუქტურების შექმნა, თუ ეს იწვევს კონკურენციის შესუსტებასა და შეზღუდვას; ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი საგადასახადო ან სხვა შეღავათების დაწესება, რომლებიც მას კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს და ზღუდავს კონკურენციას; ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვა, შეჩერება ან/და სხვაგვარად შეფერხება; საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციისათვის სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა, ან არსებული სტრუქტურებისათვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც შეზღუდავს კონკურენციას და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისათვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას, რაც არსებითად ზღუდავს თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, მოკვლევის შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს ბიზნესომბუდსმენს რეკომენდაციები წარედგინათ.