საბურთალოს რაიონში 50-მდე თანადაფინანსებული პროექტი ხორციელდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, 49 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 754 121 ლარი.

„ცინცაძის ქუჩის N30-სა და N43-ში წყალარინების ქსელი იცვლება. უკვე დასრულდა იოსელიანის ქუჩის N37-ის, ცინცაძის ქუჩის N10-სა და ბენდელიანის ქუჩის N2 კორპუსის სადარბაზოების რემონტი, რაც გამგეობის ბიუჯეტიდან 116 798 ლარით დაფინანსდა; სადარბაზოების რეაბილიტაცია დამატებით სამ მისამართზე მიმდინარეობს.

ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა 15 მისამართზე, რომლის ღირებულებაც 188 644 ლარს შეადგენს. ქანობიანი სახურავის შეკეთება კი, ხუთ მისამართზე განხორციელდა.

სართულშუა ნაპრალების სპეციალური მასალით ამოვსების სამუშაოები დასრულდა ცინცაძის ქუჩის N79, N81 და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N28 კორპუსებში, რაც სართულებს შორის წყლის ჩასვლას გამორიცხავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.