საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია TAROM-ი იწყებს ოპერირებას. კომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყებს.
ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია TAROM-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა.
სააგენტოს ცნობით, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ახალი მიმართულებაა, რადგან აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.
ავიაკომპანია TAROM-ი 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი SkyTeam-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.