„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომელიც, მათი თქმით, ყოველთვის სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ.
მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც თანხის გადახდას აპირებს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: „რეკომენდაცია #4 – სწორად შეარჩიეთ საცხოვრებელი გარემო. მომხმარებელი აუცილებლად უნდა შევიდეს მერიის ინტერაქტიურ რუკაზე, www.tas.ge-ზე უნდა ნახოს იქ დამტკიცებული პროექტი - ასევე რა შენდება ირგვლივ, ამავე ვებგვერდზე აუცილებლად უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის ვადის გადამოწმება.
გადაამოწმეთ რამდენად შეესაბამება მშენებლობის ვადები, მშენებლობის ადგილზე არსებულ მდგომარეობას.
ყურადღება მიაქციეთ გარემოს უბანში და არა მხოლოდ უბანს – თქვენთვის საცხოვრებლად მისაღები უბანი არ გულისხმობს საცხოვრებლად კარგ გარემოსა და უბანს. შეისწავლეთ სასურველი სახლის გარემო, რომელსაც ქმნის დეველოპერი. ოჯახში ბავშვების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ბავშვების ეზოში უსაფრთხოდ გაშვების ფაქტორი.
შეაფასეთ უბნის განვითარების პერსპექტივა მომავალში - დღეს ბევრი უბანი გარეუბნად მიიჩნევა, თუმცა ქალაქი ფართოვდება, ვითარდება და გადატვირთულ ცენტრალურ უბნებს, საცხოვრებლად დღეს ,,გარეუბნად“ მიჩნეული ახალი უბნები სჯობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, „მენაშენეთა ასოციაციის“ თქმით, სახლის გაზით, ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების შესაძლებლობა უნდა მოხდეს, კერძოდ, უნდა დაზუსტდეს სახლის ჩაბარებისას იღებს თუ არა კომპანია საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა-ჩართვაზე ვალდებულებას, რადგან მათივე ინფორმაციით, ეს მოსახლეობის დროულად შესახლებას განაპირობებს.
„დააზუსტეთ პარკირების საკითხი – აქვს თუ არა სახლს საპარკინგე ადგილი, რამდენად საკმარისი იქნება პარკინგი ყველა მაცხოვრებლისთვის. ძირითადად პროექტში მიწისქვეშა პარკინგების რაოდენობა, ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე ბინების. წინასწარ უნდა გქონდეთ ინფორმაცია შეძლებთ თუ არა პარკინგის შეძენას.
დააზუსტეთ სხვა მშენებლობების არსებობის და მათი დაწყება-დასრულების ვადები მომავალში მოულოდნელი დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით.
მენაშენეთა პირველი სამი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიისა და ბინის სწორად შერჩევის, ასევე მშენებლობის ხარისხში გარკვევის საკითხებს ეხებოდა.
„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას. მენაშენეთა რეკომენდაციებს ეტაპობრივად გაგაცნობთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.