თრუსოს ხეობაში ტურისტები არიან ჩარჩენილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა განუცხადა, ხეობაში ტურისტები დაახლოებით 10 ავტომობილით იმყოფებიან.
მისივე განმარტებით, ხეობაში ტურისტების ჩარჩენის მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან ნაშალი მასალის ჩამოშლა და ხიდის დაზიანებაა.
როგორც მან განაცხადა, ხეობაში სამაშველო ტექნიკა უკვე შესულია და წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ეს ავტომობილები გზის გაწმენდით სამუშაოებს ელოდებოდნენ და უახლოეს მომავალში ხეობიდან გამოვლენ. ამჟამად ჩვენი რწმუნებულია იქ შესული, მასთან კონტაქტი შეუძლებელია, რადგან სატელეფონო ხაზი არ იჭერს. უახლოეს მომავალში ეს ადამიანები ხეობიდან გამოვლენ“, - განაცხადა ალექსანდრე ზაგაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა და უხვმა ნალექმა გადაადგილების შეფერხება გამოიწვია, თუმცა ამჟამად გზებზე მოძრაობა აღდგენილია.