ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში 2-12 სექტემბერს მუსიკალური ბანაკი მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანია საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია.
„მუსიკალურ ბანაკში 13-17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური ტრეინინგები ზოგადი კულტურისა და ცნობიერების ასამაღლებლად. ბანაკში 300-დე მოსწავლე იქნება. პროგრამას პიანისტი და მუსიკათმცოდნე მარინა ლობჟანიძე გაუძღვება, რომელსაც ვიზუალსა და სმენაზე აგებული სწავლების სისტემა აქვს შემუშავებული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ბათუმის ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ტარდება არტ-კამპის პროგრამა.