ციფრული ვალუტების ფასი კვლავ მკვეთრად დაეცა

ციფრული ვალუტების ბაზარმა ვარდნა განაახლა მას შემდეგ, რაც აშშ-ის უსაფრთხოების და სავალუტო გაცვლების კომისიამ (SEC) კრიპტოვალუტების ფონდის რეგისტრაცია სექტემბრის ბოლომდე გადადო.კომისიას გადაწყვეტილება მომავალ კვირამდე უნდა მიეღო, მაგრამ ასე არ მოხდა.

„ბიტფაინექსის“ სავაჭრო პლატფორმაზე, ბიტკოინის ფასი 4.4 პროცენტით, 6 315.8 დოლარამდე დაეცა. მეორე ყველაზე პოპულარული ვალუტის, ეთერიუმის ფასი 4.6 პროცენტით, 360.1 დოლარამდე შემცირდა. კლება სხვა ვალუტებზეც განახლდა.

„პოლონიექსის“ პლატფორმაზე, „რიპლის“ XRP 4.6 პროცენტით, 0.34526 დოლარამდე გაუფასურდა. ტოპ ათეულში შემავალი ვალუტებიდან, ყველაზე მეტი, 7 პროცენტი ლაიტკოინს დააკლდა, რომლის ფასიც 62.743 დოლარამდე შემცირდა.

ციფრული ვალუტების ბაზრის სრული კაპიტალიზაცია დაახლოებით 230 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, საიდანაც 109 მილიარდზე მეტი ბიტკოინზე მოდის. „კოინმარკეტკაპის“ სტატისტიკით, ციფრული ვალუტების ბაზარი ნოემბრის შემდეგ ასეთ დაბალ ნიშნულზე პირველად ჩამოვიდა. იანვრის შემდეგ ბაზრის დანაკარგი დაახლოებით 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ კომისია კომპანია „ვანეკის“ და მისი პარტნიორების მიერ ჩამოყალიბებულ ფონდს მწვანე შუქს აუნთებდნენ, რადგან მისი წესდება უსაფრთხოების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. თუმცა კომისიამ საქმის დამატებითი შესწავლა ამჯობინა.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინის ფასმა გაარღვია მნიშვნელოვანი დონე, რომელიც 6.5-6.6 ათასი დოლარის საზღვრებში მდებარეობს და თუ მის ქვევით დამკვიდრება შეძლო, ეს ფასის შემდგომი ვარდნის წინაპირობა იქნება. ამჟამად ბიტკოინის ფასის მორიგი მნიშვნელოვანი ზღვარი, 6.1 ათას დოლარზე გადის.