„თხილის მოსავლის 40-50% წელსაც განადგურდა“ - ამჯერად თხილი სოკომ გააფუჭა

სამეგრელოში ფერმერებმა თხილის ჩაბარება უკვე დაიწყეს. პროდუქციის ღირებულება წელსაც დაბალია. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩასაბარებელ პუნქტებში თხილის ფასი 50 თეთრიდან იწყება და 2.50-მდე აღწევს.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავალია. თუმცა, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფაროსანაზე მეტად ამ სეზონზე თხილი სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა.

„მოსავალი იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ძირითადად, სოკოვანი დაავადებების შედეგად გაფუჭდა. კახეთში ეს პრობლემა არ დგას, რადგან იქ მშრალი ჰავაა და სოფლის მეურნეობის წარმოების კულტურაც შედარებით მაღალია. თუ ფერმერები არ ისწავლიან მცენარის მოვლას, მუდმივად ამ გამოწვევების წინაშე ვიქნებით,“ - აცხადებს მოწერელია.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს თხილის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანას - თურქეთს კარგი მოსავალი აქვს. ამასთანავე, ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული ლირა, ამიტომ როგორც მოწერელია აცხადებს, მსოფლიო ბაზარზე თურქული თხილის ფასი 5.80 დოლარი იქნება, ქართულის კი 5.30 დოლარი.

„ამ ეტაპზე გაურჩეველი თხილის ჩაბარების მაქსიმალური ფასი საქართველოში 2 ლარი და 50 თეთრია, მოგეხსენებათ, ჯერჯერობით პროდუქტი სველია, გამოშრობის შემდეგ კი, ღირებულება, სავარაუდოდ, 5 ლარს მიაღწევს,“ - ამბობს მოწერელია.

მისივე განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ქართული თხილის პოზიციები, შარშანდელის შემდეგ მნიშვნელოვნად შეირყა.

„მართალია ქართული თხილი ექსპორტიორთა ხუთეულშია, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ დღეს ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ს ვაწარმოებთ,“- აღნიშნავს მოწერელია.

კომპანია „კესკიას“ დირექტორის, მარიკა კოდუას განცხადებით, წლევანდელ სეზონს სახელმწიფოც და ფერმერებიც მომზადებულები შეხვდნენ. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საჯარო ადგილები დაამუშავა, რის შედეგადაც ფაროსანას დიდი ნაწილი განადგურდა. თუმცა კოდუას განმარტებით, ფერმერებს იმ ტერიტორიების დაცვა, რომლებიც ტყის მასივებთან ახლოს მდებარეობდა, წელსაც ძალიან გაუჭირდათ.

„ადგილობრივი საწარმოები ჯერ სრულად არ ამოქმედებულა. თხილს ამ ეტაპზე ჩამბარებელი პუნქტები იღებენ. ფასი 50 თეთრიდან იწყება და მაქსიმალური ღირებულება -2 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება მოსავალს, სიტუაცია გამოსწორებულია, თუმცა მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი წელსაც განადგურდა, დაახლოებით, 40-50% წელსაც გაფუჭებულია,“-აცხადებს მარიკა კოდუა.

საქსტატის ცნობით, თხილის ექსპორტი 2017 წელს წინა წელთან შედარებით, 97 მლნ დოლარით შემცირდა. კერძოდ, გასულ წელს ახალი ან ხმელი თხილის ექსპორტმა 82.4 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი - 179.4 მლნ დოლარი იყო. რაც შეეხება 2014 და 2015 წლებს, ამ პერიოდში შესაბამისად, 183.4 და 176.2 მლნ ლარის მოცულობის თხილის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება რაოდენობრივ მაჩვენებელს, წინა წელს საქართველოდან ექსპორტზე 15 136.9 ტონა, 2016 წელს კი - 27 108.4 ტონა ახალი ან ხმელი თხილი გავიდა.

ქრისტინე გამთენაძე