თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის გამო „საქართველოს რკინიგზას“ რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.
პროექტის მიზანია უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება. ცნობისთვის, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობიდან ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია. მათ შორის, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის ექსპულატაციის მიზნით, კერძოდ: სარკინიგზო ლიანდაგის გვერდით საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მოწყობა, რომელიც ხარაგაული-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს. ამასთან, არსებული გზა გვირაბის მშენებლობის გამო მოდიფიცირებას განიცდის.
პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია 7 ადამიანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა, თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.
კერძოდ, საუბარია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ეთერ ცხოვრებაძის კუთვნილ 1 984 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომლის საექსპროპრიაციო ფართია - 505 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა, ღობე, მრავალწლიანი ნარგავები; ასევე სოფელ ნებოძირში გოჩა და გელა ცხოვრებაძეების კუთვნილ 1 710 და 1 326 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთებსა და მასზე არსებულ შენობა/ნაგებობებზე, საიდანაც პროექტისთვის საჭირო ფართია 561 და 1326 კვ.მეტრი და მრავალწლიანი ნარგავები.
ექსპროპრიაციას ექვემდებარება ასევე ნებოძირში ნიკო კაკიაშვილის საკუთრებაში არსებული 1 345 და 430 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები; თინა კვინიკაძის კუთვნილი 710 და 746 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები, საიდანაც საექსპროპრიაციო ფართია 180 და 187 კვ. მეტრის ტერიტორია, მრავალწლიანი ნარგავები, ღობე და შენობა-ნაგებობები. პროექტის ფარგლებში ექცევა ასევე მანანა ლომსაძისა და გიორგი ბანცაძის 801 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი და მანანა ლომსაძის საკუთრებაში არსებული 160 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთი.