გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა „დაიმლერმა“ გამოაცხადა, რომ აუქმებს გეგმას, რომელიც მისი ირანული ბიზნესის გაფართოებას ითვალისწინებდა.
გეგმის შეცვლა, შეერთებული შტატების მიერ ირანისადმი სანქციების განახლებას მოჰყვა, რომლის პირველი ნაწილიც, ძალაში სამშაბათს შევიდა.
„დაიმლერმა“ 2016 წლის დასაწყისში, ერთობლივი კომპანია ჩამოაყალიბა ირანულ კომპანია „ირან ხოდროსთან“, რომელიც ავტომობილების მწარმოებელიცაა და ირანში მსხვილ სადილერო ქსელსაც ამუშავებს. მათი შეთანხმება, ირანში „მერსედეს-ბენცის“ სატვირთო ავტომობილების დისტრიბუციას ეხებოდა.
გარდა ამისა, „დაიმლერი“ თეირანში თავისი წარმომადგენლობის გახსნასაც გეგმავდა. სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში „დაიმლერი“ წერს, რომ ირანში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ბიზნესის განახლებას აღარ აპირებს. ამასთან დაამატა, რომ პოლიტიკური ვითარების დაკვირვებას გააგრძელებს.