ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით კი სენაკსა და მარტვილში პრობლემები შექმნა.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ უბანში ღელე ადიდდა, რის შედეგადაც კალაპოტიდან გადავიდა და საავტომობილო გზაზე მიედინება. ადგილობრივების ინფორმაციით, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები.

მარტვილის სამ სოფელში კი ათობით სახლ-კარი და სახნავ-სათესი სავარგულებია დატბორილი.

გამგებლის ინფორმაციით, სოფელ ჭყონდიდში ადიდებულმა ღელეებმა დატბორა სოფლის ცენტრში მდებარე ყველა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ასევე, ეზოები, წაღებულია თხილის მოსავლის უმეტესი ნაწილი, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზებიც.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სოფელ გაჭედილშიც, სადაც 15-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო და შიდა საუბნო გზებია დატბორილი.

რაც შეეხება ზუგდიდს, ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. მერიის ინფორმაცით, სოფელ ჯიხაშკარში ორი საკარმიდამო ნაკვეთი დატბორა, ნარაზენში გზა ჩამორეცხა, ხოლო გრიგოლიშსა და ცაიშში ღელეები ადიდდა.

სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში ამ დროისთვის ისევ გადაუღებლად წვიმს.