ევროსტანდარტებით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების ახალი ნომრების ასაღებად, მძღოლებს სულ ცოტა დარჩათ. ძველ სანომრე ნიშნებს სამართლებრივი ძალა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე განესაზღვრა.
როგორც AMBEBI.GE-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ამ ინიციატივით მძღოლების 50%-მა უკვე ისარგებლა, შესაბამისად გარკვეულ ნომრების სიმბოლოებთან დაკავშირებით მარაგი უკვე ამოწურულია.
შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის იმედა მაკასარაშვილის თქმით, ახალი ნომრის აღება მძღოლებს მინიმუმ 70 ლარი დაუჯდებათ.
"2020 წლის პირველ სექტემბრამდე ძველ სანომრე ნიშნებს უწყდებათ იურდიული ძალა და შესაბამისად ყველა მძღოლმა უნდა შეცვალოს ახალი სანომრე ნიშნით. ეს ნორმა ვრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც 2014 წლამდე აქვს აღებული სანომრე ნიშანი. ნომრის შეცვლა ფასიანია და ჯდება 70 ლარი ანუ - 35 ლარი ღირს სანომრე ნიშანი და 35 ლარი სარეგისტრაციო მოწმობა.
ის ნომრები, რომელიც თავის დროზე ფასიანი იყო და მოსარგებლებმა ამასთან დაკავშირებით გარკვეული საფასური გადაიხადეს, ავტომატურად ეთვლებათ საფასურად და ამ ფასად შეუძლიათ მათთვის სასურველი ნომრის აღება ისე, რომ ამაზე დამატებითი თანხა აღარ გადაიხადონ, გარდა სარეგისტრაციო საფასურისა. მაგალითად, თუ მძღოლს ნაყიდი აქვს ნომერი 150 ლარად და ახლაც უნდა ამ ფასად ნომრის შეძენა, გადახდილი თანხა ჩაეთვლება ჩვეულებრივად და იყიდის ამ ფასად ახალ ნომერსაც.
ხოლო, თუ უფრო ძვირადღირებული ნომრის შეძენას მოისურვებენ, გადაიხდიან განსხავებულ თანხას. მაგალითად, თუ მძღოლს სურს 150-ლარიანი ნომრის გადაცვლა 250-ლარიან ნომერზე, გადაიხდის დამატებით 100 ლარს და პლიუს 35 ლარს სარეგისტრაციო მოწმობისას" - უთხრა AMBEBI.GE-ს მაკასარაშვილმა. მისივე თქმით, ფასიანი ნომრების მინიმალური ღირებულება 150 ლარია, ხოლო მაქსიმალური 10 ათასი ლარი.