რომელმა პარტიამ რამდენი ფიზიკური პირისგან მიიღო შემოწირულობა?

2018 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტმა ფიზიკურმა პირმა გაუკეთა შემოწირულობა.

აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, პარტიაში შენატანი 92-მა ფიზიკურმა პირმა გააკეთა, ჯამში კი შემოწირულობის რაოდენობამ 274 224 ლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მსხვილი შემოწირულობები ჰქონდათ პარტიის ლიდერებს, რომელთაგან „ევროპულ საქართველოში“ 7 040 ლარის არაფულადი შენატანი მხოლოდ გიგა ბოკერიამ განახორციელა.

29 ფიზიკური პირის შემოწირულობა მიიღო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიამ მსხვილი შემოწირულობები არაფულადი სახით მიიღო. ჯამში კი პარტიის შემოწირულობამ 69 179 ლარი შეადგინა.

8 ფიზიკური პირისგან 119 997 ლარის შემოწირულობა მიიღო „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველომ“. პარტიაში ყველაზე მსხვილი შენატანები პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 20 000 ლარი და ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა 30 000 ლარი გააკეთეს.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართულმა ოცნებამ“ იანვრიდან ივლისის ჩათვლით 9 ფიზიკური პირისგან, 93 025 ლარის შემოწირულობა მიიღო. ამასთან აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 5 125 ლარის არაფულადი შემოწირულობა გააკეთა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა კი მმართველ პარტიაში 7 800 ლარიანი არაფულადი შემოწირულობა განახორციელა.

11 ფიზიკური პირისგა 35 289 ლარიანი შემოწირულობა მიიღო „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩმა“, თუმცა აღსანიშნავია, რომ იანვრიდან ივლისის ჩათვლით, 5 ყველაზე მსხვილი შემოწირულობა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განახორციელა. მეგრელიშვილმა „გირჩს“ ჯამში 33 950 ლარი შესწირა.