დოლარი ბოლო 13 თვის პიკზეა

მიმდინარე კვირის ბოლოს, დოლარის კურსი ბოლო 13 თვის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაიზარდა.

მასთან ერთად, იზრდება იაპონური იენის კურსი. ანალიტიკოსები ორივე ვალუტის გაძვირებას, ბაზარზე რისკის აპეტიტის შემცირებას უკავშირებენ, რაც მსოფლიოში წარმოქმნილი სავაჭრო და დიპლომატიური დაძაბულობის შედეგია.

დოლარის და იენის გამყარების კვალობაზე, ევრო 2017 წლის ივლისიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ასევე კლებულობს სტერლინგის კურსი, რომელიც მიმდინარე წლის მინიმალურ ფასზე ჩამოვიდა. სტერლინგის გაუფასურების მიზეზად სახელდება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება მასთან შეთანხმების გაფორმების გარეშე მოუწევს.

დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.6 პროცენტზე მეტით გაიზარდა და 96.103-ს მიაღწია, ეს კი 2017 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დოლარის გამყარებას, მსოფლიოში არსებული სავაჭრო და გეოპოლიტიკური სიტუაციების გამწვავება იწვევს. ამ მიმართულებით ბოლო ნაბიჯები ამერიკამ რუსეთთან და თურქეთთან მიმართებით გადადგა.

შეერთებული შტატები რუსულ სახელმწიფო ბანკებს მკაცრ შეზღუდვებს უწესებს, რამაც რუსული რუბლის კურსის ვარდნა გამოიწვია. რუსეთი იმუქრება, რომ სანქციები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომს გამოიწვევს. ასეთ სიტუაციაში, დოლარი რისკებისგან თავშესაფრის სტატუსით სარგებლობს. როდესაც რისკებისადმი აპეტიტი კლებულობს, ინვესტორები თავიანთ სახსრებს სწორედ უსაფრთხო აქტივებზე მიმართავენ.

ასეთ დროს, ვალუტებს შორის ყველაზე სასურველი იაპონური იენია, რომელიც ევროსთან და სტერლინგთან წყვილებში გამყარდა. კერძოდ ევრო მასთან მიმართებით 0.75 პროცენტით შემცირდა, რის შემდეგაც, 1 ევროს ფასი 127.13 იენის ფარგლებშია. იენთან შედარებით ნაკლები, 0.25 პროცენტი დააკლდა სტერლინგს, რომელიც 142.03 იენი ღირს.

ყველაზე მეტად კი თურქული ლირა უფასურდება, რომელმაც დოლართან წყვილში, თავისი ისტორიული მინიმუმი განაახლა - 1 დოლარი 6.49 ლირა ღირს. შესაძლოა, ნაწილობრივ სწორედ ლირის და რუბლის ვარდნის გამოწვეული იყოს ლარის კურსის მკვეთრი კლება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დაძაბვა, რომელიც თურქეთში ამერიკელი პასტორის დაპატიმრებას მოჰყვა, მალე არ ჩაივლის. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პრობლემის სწრაფად მოგვარების შემთხვევაშიც, ლირის გაუფასურება გაგრძელდება, რადგან ქვეყანას გარე მოკლევადიანი ვალები დაუგროვდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსის ვარდნა, ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებას მოჰყვა. მასში ნათქვამია, რომ გლობალური რისკები სულ უფრო იზრდება, რასაც ხელს პროტექციონიზმი და შეერთებული შტატების მიერ რიგი ქვეყნების იმპორტზე ტარიფების აწევა უწყობს. ეს კი ინვესტორთა თავდაჯერებაზე უარყოფითად აისახება.

ევროს კურსის შემცირებას სხვა გარემოებაც უწყობს ხელს - იტალიის მთავრობა ხარჯებს თანდათან ზრდის, რაც ევროს კურსს ტვირთად აწვება. ცნობისათვის, კვირის განმავლობაში, ევრო დოლართან წყვილში, დაახლოებით 1 პროცენტით გაუფასურდა.