2018 წლის 7 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა

2018 წლის იანვარი - ივლისის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „საქაერონავიგაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წლის 7 თვის განმავლობაში სულ 60 415 გადაფრენა შესრულდა, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია.

რაც შეეხება აფრენა-დაფრენის რაოდენობას, „საქაერონავიგაციის“ ბოლო 7 თვის მონაცემების თანახმად, მათი რიცხვი 25 941-ს შეადგენს, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ით მეტია.

ამასთან, 2018 წლის იანვარი - ივლისის ჩათვლით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 23 930 405 კმ-ია, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია.

„საქაერონავიგაციის“ ცნობით, საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD.

საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად კი GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.