სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსის შემუშავებაზე პასუხისმგებლობა შესაძლოა, სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს

განათლების სამინისტრომ შეიძლება დაიწყოს ფიქრი ღია სახელმძღვანელოების პრინციპზე, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ეს არის მიდგომა, როდესაც სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას სახელმძღვანელოების შინაარსის შემუშავებაზე.

“მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ სექტემბერში ბავშვებმა ახალი სახელმძღვანელოები მიიღონ. წინასწარი შეფასებით, იქნება ბევრად უფრო გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, ვიდრე წინა გრიფირების პროცესში იყო. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ განათლების სამინისტრომ შეიძლება დაიწყოს ფიქრი ღია სახელმძღვანელოების პრინციპზე. ეს არის ე.წ. Open textbook მიდგომა, როდესაც სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას სახელმძღვანელოების შინაარსის შემუშავებაზე. ახლა სახელმძღვანელოები შემუშავებულია სხვადასხვა დამოუკიდებელ ავტორთა მიერ, რაც უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად შესაძლებელია, რომ სამინისტროს ჰქონდეს თუნდაც ელექტრონული ვერსია იმ სახელმძღვანელოებისა, რომელიც ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნება შემუშავებული. ასეთი მიდგომა სხვადასხვა ქვეყნებში დანერგილია. საქართველოს შემთხვევაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ რეალურად სამინისტრო იყო პასუხისმგებელი იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლითაც ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლით, მიმაჩნია, რომ ასეთ შერეულ მოდელზე ფიქრი შეიძლება, როცა სახელმძღვანელოებზე მუშაობენ როგორც დამოუკიდებელი ავტორები, ასევე არსებობს თუნდაც ელექტრონული ფორმით სახელმძღვანელო, რომლითაც სახელმწიფო უფრო აქტიურად იქნება ჩართული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შესაბამისი სტანდარტის შემუშავებაზე. ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯაშმა.

განათლების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მარიამ ჯაში კოლეგებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.