2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი ეტლით არ უზრუნველყო
“კომპანიის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი იყო მითითებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია.
სახალხო დამცველმა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ რეკომენდაციით მიმართა, ვებ-გვერდზე დეტალურად გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები; ასევე, უზრუნველყოს საკუთარი პერსონალისთვის შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე პირების სპეციფიური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება,”-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მათ მიმდინარე წლის აპრილში შეისწავლეს აღნიშნული ფაქტი და დაადგინეს, რომ ავიაკომპანიამ დაარღვია სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის მე-16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ“ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული პუნქტი გულისხმობს ავიაკომპანიის მიერ აეროპორტის ოპერატორისათვის ინფორმაციის მიწოდებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მომსახურებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის ავიაკომპანიის წინასწარი შეტყობინება და მგზავრი უშუალოდ გაფრენისას განაცხადებს მისთვის სპეციალური მომსახურების საჭიროების თაობაზე.
შესაბამისად, სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 19 აპრილს სააგენტომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაადგინა და ავიაკომპანია Georgian Airways დააჯარიმა.