ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარასთან დიპლომატიური კონფლიქტის ფონზე, რამაც ქვეყნის ეროვნული ვალუტის - ლირას გაუფასურება გამოიწვია, თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის გაორმაგების შესახებ განაცხადა.
„სულ ახლახან დავრთე ნება გაორმაგებულიყო ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე თურქეთის პატივისცემის გამო, რადგან მისი ვალუტა, თურქული ლირა ეცემა ჩვენს ძალიან ძლიერ დოლართან მიმართებაში! ალუმინი ამიერიდან იქნება 20%, ფოლადი - 50%. ამ დროისთვის ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან არც თუ ძალიან კარგია!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ცნობილია, რომ მანამდე აშშ-მა საბაჟო ტარიფები შემოიღო თურქულ ფოლადსა და ალუმინზე, რის გამოც თურქეთმა გადასახადი დააწესა ამერიკიდან შეტანილ საქონელზე 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობით.
ამერიკის მიერ თურქეთიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდას გამოეხმაურა თურქეთის ვაჭრობის სამინისტროც. როგორც მათ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადასახადების გაზრდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება.
„თურქეთი ახორციელებს სავაჭრო პოლიტიკას აღნიშნული ორგანიზაციის წესების მიხედვით. ამასთან, ამისკენ სხვა წევრ ქვეყნებსაც მოუწოდებს. ვაპირებთ, განვაგრძოთ ფოლადისა და ალუმინის თურქი ექსპორტიორების უფლებების დაცვა საერთაშორისო პლატფორმებზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.