ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.
პროექტი გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას, შეძლებისდაგვარად, დასახელებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით. როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14.4 კმ სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
საავტომობილო გზის გასწვრივ დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფა, შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა. პროექტის ზემოქმედების შედეგად ათვისებული იქნა 1 247537 მ2 მიწის ნაკვეთი, რაც 891 მიწის ნაკვეთს წარმოადგენს.
ბრძანების თანახმად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცა ასევე გოგიტა ასანიძის, დარეჯან ასანიძის, იოსებ ასანიძის, მაყვალა ასანიძის და ხათუნა ბოლქვაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თუმცა, მათთან საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელი სუფსაში ამ პირების კუთვნილი 7 700 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები ექსპრპრიაციას დაექვემდებრება. კერძოდ, ბრძანების თანახმად, საექსპროპრიაციო ფართია - 797 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა/ნაგებობა - ღობე.
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის გამო ექსპროპრიაციას დაექვემდებარება ასევე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომა 2-ში ნინო რუსიძის და სოფელ ნატანებში კობა ნიკოლაძის კუთვნილი მიწის ნაკვეთები.