ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავების და ღვარცოფული მოვლენების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო აღნიშნული გზის 52-ე კმ-მდე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, თუშეთის მიმართულებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ.