Lee და Wrangler-ის ბრენდის მფლობელი კომპანია ჯინსის შარვლების წარმოების ბიზნესიდან გასვლაზე დაფიქრდა.ამის მიზეზი ამერიკაში პროდუქციის გაყიდვის შემცირება გახდა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ორივე ბრენდის მფლობელი კომპანია VF Corporation-ი ბრენდების გაყიდვის შესაძლებლობასაც განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო წლებში ამერიკაში ჯინსის პროდუქციის გაყიდვა მუდმივად იკლებს. თუ 2013 წელს ამერიკელებმა 18,8 მლრდ დოლარის ღირებულების ჯინსი იყიდეს, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 16.2 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
VF Corporation-ს კი 2015 წელს გაყიდვები 5%-ით შეუმცირდა, შემოსავლები - 2%-ით.
1980-იან წლებში, როდესაც VF Corporation-ი Lee და Wrangler-ის ბრენდის მფლობელი გახდა, მას ჯინსების ბაზარზე 25%-იანი წილი ეკავა. თუმცა დღეს კომპანიაში, რომელიც 38 მლრდ დოლარი ღირს, ბიზნესის დივერსიფიცირებაზე და სხვა ბრენდების განვითარებაზე ფიქრობენ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, VF Corporation-ი მიზნად ისახავს, განავითაროს მისი ისეთი სწრაფად მზარდი ბრენდები, როგორებიცაა სპორტული ფეხსაცმელი Vans-ი, North Face-ს ქურთუკები და Timberland-ები.