„გვინდა მეტი მოტივაცია გავუჩინოთ უცხოელს, რათა მეტი ჩადოს საქართველოში ბინადრობის მოწმობის მისაღებად და ეს არ იყოს ფიქციური პროცესი, რისი მაგალითები ახლა, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს“, - აცხადებს დეპუტატი ილია წულაია და კანონის გამკაცრების იდეასაც ამით ხსნის.
უცხოელი ინვესტორებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ, ცვლილებების შეტანა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ივლიანე წულაიას ეკუთვნის.
„ამ კანონპროექტის ინიცირება უპირველესად იმან განაპირობა, რომ ჩვენს ბინადრობის მოწმობას უფრო მეტი ფასი დავადოთ. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია მოახდინა, ჩვენთან ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ბინადრობის მოწმობით მარტივად იღებენ ევროკავშირის ქვეყნის ვიზას. შესაბამისად, გვინდა მეტი მოტივაცია გავუჩინოთ უცხოელს, რათა მეტი ჩადოს საქართველოში ბინადრობის მოწმობის მისაღებად და ეს არ იყოს ფიქციური პროცესი, რისი მაგალითები ახლა, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს.
მაგალითად, თუ მოქმედი რედაქციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე იყიდდა საქართველოში, სულ ცოტა, 35 ათას დოლარად ღირებულ უძრავ ქონებას, მიიღებდა ბინადრობის მოწმობას, შემდეგ შეეძლო ეს ქონება გადაეფორმებინა თავისი მეგობრისთვის, მერე მასაც აეღო ბინადრობის მოწმობა და ა.შ. შესაბამისად, ამ გზით შესაძლებელი იყო, ფაქტობრივად, 10-15 ოჯახს ეს ერთი ბინა გამოეყენებინა ბინადრობის მოწმობის ასაღებად და არანაირი კონტროლის მექანიზმი კანონით არ იყო განსაზღვრული.
ახალი რედაქციით, უძრავი ქონების ღირებულების ზღვარი იზრდება 100 ათას დოლარამდე და ამ ქონების რეალიზაცია იქნება საფუძველი, რომ ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის მოწმობაც გაუუქმდეს, ანუ უძრავი ქონების ფიქციური ყიდვის საფუძველზე ბინადრობის მოწმობა აღარ გაიცემა“, - განაცხადა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ილია წულაიამ.
რაც შეეხება საინვესტიციო ბინადრობას, ამ შემთხვევაშიც მოწმობის მოპოვების წესები იცვლება. მოქმედი კანონმდებლობით, თუ 300 ათასი ლარის ინვესტიციის საფუძველზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ეს ზღვარი 300 ათას დოლარამდე გავზარდეთ. „აქ კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომ ეს იყოს რეალური ინვესტიცია და არა ფორმალურად ბანკში თანხის გადმორიცხვა. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ინვესტირების შემდეგ გაიცემა მხოლოდ 5-წლიანი და არა მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ასევე ინვესტორს ყოველწლიურად ექნება ვალდებულება, რომ არანაკლებ 120 ათასი ლარის ბრუნვის დოკუმენტი წარადგინოს საგადასახადო სამსახურებიდან იმის დასტურად, რომ ფული ნამდვილად ბიზნესში აქვს დაბანდებული. თუ ამ დოკუმენტს ვერ წარადგენს, მისი ბინადრობის მოწმობა გაუქმდება.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 5 წლის განმავლობაში ამ დოკუმენტს ყოველწლიურად წარადგენს, მაშინ მას მუდმივი ბინადრობის უფლება მიენიჭება. კანონპროექტს სამი კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. მისი გატანა საგაზაფხულო სესიებზე ვეღარ მოესწრო, მაგრამ ველოდებით, რომ სექტემბრის მიწურულს ან ოქტომბრის დამდეგს კანონი ამოქმედდება, რადგან პოზიციები შეჯერებულია მთავრობასთანაც და ვფიქრობ, სწრაფი ტემპით გავალთ ბოლოში", - აღნიშნა წულაიამ.