რა თანხა დაიხარჯება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯება არჩევნებისთვის.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილებაშია აღნიშნული, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყოფა.

აქედან 32,127,177 ლარი არჩევნების ჩატარებას მოხმარდება. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,190,617 ლარი დაიხარჯება. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 მილიონი ლარი იქნება.

ამასთან, დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,238,050 ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის, წინა 5 იანვრის დადგენილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის 39,136,784 ლარი იყო გათვალისწინებული. აქედან 28,272,634 ლარი არჩევნების ჩატარებას უნდა მოხმარებოდა. არჩევნებისთვის მოხელეთა გადამზადებისთვის 1,002,300 ლარის დახარჯვა, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსებისთვის კი 2,242,850 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთან, 5 იანვრის დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსების ხარჯი 7,619,000 ლარი იყო გათვალისწინებული.