“რვაფეხა”- “ჰილტონის”  წინააღმდეგ

კომპანია ”ტურინვესტი” ბათუმში 9 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო "ჰილტონსა" და საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია "ტურინვესტი" აშენებს.

კომპანია საზღვაო ქალაქში 9 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. კომპანიის მესვეურთა გეგმის მიხედვით, აქვე აშენდება მცენარეებით გამწვანებული ხიდი და მოეწყობა ორი საცურაო აუზი, თუმცა, ინვესტორს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

ინვესტორებს წინ ერთი დაბრკოლება აქვთ: ტერიტორიაზე, რომლის ათვისებითაც "ჰილტონის" მენეჯმენტი დაინტერესდა, კაფე "რვაფეხა" მდებარეობს. მართალია, კაფე არ მუშაობს, მაგრამ ეს ტერიტორია ბათუმის ბულვარის შემადგენლობაში შედის, ბათუმის ბულვარი კი ძეგლის სტატუსის მატარებელია. ამიტომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვას საჭიროებს.

”ტურინვესტის" მესვეურები "რვაფეხას" სხვა ადგილზე გადატანის პირობას იძლევიან, მაგრამ სააგენტო დოკუმენტაციას ამზადებს, რომ "რვაფეხა" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარონ.

სააგენტოს ხელმძღვანელ ბიძინა აფხაზავას ინფორმაციით, პროექტის შესახებ ჯერ მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს: "კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული, გაგვესაუბრა. ჩვენ ვუთხარით, რომ მართალია ჯერ სტატუსი არა აქვს, მაგრამ ”რვაფეხა” ჩვენთვის ძეგლია, ამიტომ მისი გადატანა გამორიცხულია", -აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი.

"ჰილტონ ბათუმის" მშენებელი კომპანია "ტურინვესტი" ოფშორშია დარეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული. მისი 80%-იანი წილის მფლობელი შპს "ჰესტოკ ლიმიტედ"-ია, ხოლო 20%-ისა - ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრიტებული კორპორაცია Orix Investors Corp. დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიის მმართველობის ორგანოს რუსეთის მოქალაქეები - ირინა ანტიპოვა და კლიმენტი ქასრაძე აკონტროლებენ, მმართველობის ორგანოს წევრია ლატვიის მოქალაქე ანდრეის მოროზოვიც, ხოლო კომპანიის დირექტორი გიორგი აბაშიძეა. სხვათა შორის, Hestok Limited-ს ბათუმში კიდევ ერთი კომპანია "ჰესტოკ ბათუმი" აქვს დარეგისტრირებული. ამ კომპანიამ ზღვისპირა ქალაქში რამდენიმე პროექტი უკვე განახორციელა, მათ შორის - ბათუმის საბაგიროც.

ხათუნა ჩიგოგიძე