მთავრობა არაკომპეტენტურია და მოუმზადებელი ხვდება ლარის რყევას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
„ქვეყანას იმიტომ უნდა ჰყავდეს კომპეტენტური მთავრობა, რომელიც მუდმივად ცდილობს გადასახადების დაწევას და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, რომ ქვეყანა იყოს გამძლე ნებისმიერი გარე თუ შიდა არასასურველ ეკონომიკურ სიტუაციაში. სამწუხაროდ, დღეს მთავრობა არაკომპეტენტურია და მოუმზადებელი ხვდება ლარის ყოველ ასეთ რყევას, რომელიც ტურისტული სეზონის პიკში ხდება. ეს ძალიან ცუდ მოლოდინს ქმნის უკვე შემდგომი თვეებისთვის", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
„ევროპული საქართველოს" წევრმა ფასების ზრდის შეკავების და გადასახადების დაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„თუ მთავრობა მუდმივად არ ცდილობს შეაკავოს ფასების ზრდა გადასახადების დაწევით, არ წაახალისოს მაღალი ეკომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, მაშინ ჩვენი მოქალაქეები რჩებიან მუდმივად დაუცველები ისეთ სიტუაციაში, როგორიც ახლა შეიქმნა საქართველოში", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.